მე მაქვს შესაძლებლობა ჩავიდინო ჯადოქრობა

#TamAroma თამუნა მატათაშვილი

სურნელს შეუძლია შეგვიქმნას განწყობა – გაგვიქროს აფორიაქება და შფოთვა, დაგვამშვიდოს და დაგვაბრუნოს ბალანსის მდგომარეობაში, ან სულაც პირიქით, გამოგვიკვეთოს მიზანი და აგვაჩქაროს მისკენ, მოგვიმატოს კონცენტრაციის უნარი.

სუნის მეშვეობით ადვილია გაგახსენდეს კონკრეტული დრო და სიტუაცია. გვახსენდება განცდა, რომელსაც ამ დროს განვიცდიდით და ვგრძნობდით. მისი მეშვეობით შესაძლებელია ახალი განცდებისა და ემოციების გენერირებაც.

მომესმა , მომეჩვენა … თვალისა და ყურის მოტყუებას ზოგჯერ ახერხებს ტვინი, აი სუნის მოჩვენება კი დამეთანხმებით უფრო იშიათია.

ყნოსვა – თვითგადარჩენის ინსტინქტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სუნის აღქმა პასუხისმგებელია ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან შემგუებლურ რეაქციებსა და ინსტინქტებზე: ჭამის, სქესობრივი და თვითგადარჩენის. ინსტინქტის დონეზე ვიცით, რომ ხანძრის სუნის უგულებელყოგა სიცოცხლისთვის საშიშია, ასევე გაფუჭებული და უსიამოვნო სუნის მქონე საჭმლის მირთმევაც სავავალო შედეგამდე მიგვიყვანს.

ყველასთვის ცნობილი ნიშადურით გონწასული ადამიანის გამოფხიზლება – აქაც ყნოსვაა პრიმა ბალერინა. ნიშადურში შემავალი მომწამვლელი აირები დიფუზიით ხვდება ტვინში, ტვინი კი სასწრაფო მობილიზაციისა და კაპიტულაციის ბრძანებას გასცემს, რომ საშიშ გარემოს აარიდოს პატრონი. უსიამოვნო ემოციები კვალს ტოვებს სუნის აღქმაზე და ასოციაციურ კავშირს აყალიბებს გარკვეულ სუნებსა და სიცოცხლის მუქარის შემცველ ვითარებებს შორის. მაგალითად, გამომცხვარი ფუნთუშების სუნმა შეიძლება ნეგატიური ემოცია გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში ადამიანმა დამწვრობა მიიღო ცხელ ღუმელთან შეხებით.

ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა რომ უსიამოვნო სუნით სავსე სივრცეში ყოფნისას, გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებში უარყოფითი ძვრები შეინიშნებოდა: ხშირდებოდა გულისცემა, იზრდებოდა არტერიული წნევა, ძლიერდებოდა ოფლიანობა და თავს იჩენდა მსგავსი ნეგატიური სიმპტომები. ფსიქიკური თვალსაზრისით ეს გამოიხატებოდა სივრციდან გასვლის სურვილით, მღელვარებით, შფოთვით. სუნის მოქმედების შეწყვეტიდან გარკვეული დროის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

ეთერზეთების გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური და ფსიქო- ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება, მისი ჰომეოსტაზის ბალანსში მოყვანა და შენარჩუნება – ამას ემსახურება არომათერაპია.

ნამდვილი თერაპევტული ხარისხის ეთერზეთი 70–400-მდე ქიმიურ ელემენტს შეიცავს, იგი დაბალმოლეკულური სტრუქტურისაა და რამდნიმე წამში კანიდან ხვდება ორგანოებში და რაც მნიშვნელოვანია ჰემატოენცეფალური ბარიერის (სისხლის მიმოქცევის სისტემასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებული ბარიერი) გადალახვაც კი შეუძლია. ეთერების მოქმედება ასევე ასტიმულირებს დიდი რაოდენობით ნეირომედიატორებისა და ჰორმონების გამოყოფას.

ჩემს არომთერაპევტულ პრაქტიკაში ყველაზე სასიამოვნო იმის აღმოჩენაა რომ ამდენი სხვადასხვანაირი ადამიანი არსებობს. თოთოეულ მათგანს თავისი სამყარო, და გარემოს მისეული აღქმა აქვს. არომათერაპიის კაბინეტში მოხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვნად ვთვლი გასაუბრების და ანკეტირების ნაწილს – ხშირ შემთხვევაში მოსვლის მიზეზიც ნელ-ნელა, ჩემსა და თავად მის თვალწინ იკვეთება. ამაში მეხმარება ჩემი ფსიქოთერაპევტული განათლება და სხვადასხა ტრეინინგებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება.

მხოლოდ ამის შემდეგ, მე მაქვს შესაძლებლობა რომ ჩავიდინო ჯადოქრობა – დავამზადო თერაპევტული ნაზავი რომელიც იქნება მორგებული კონკრეტულად ამ ადამიანის, კონკრეტულად ამ მომენტში აქტუალური საჭიროებებისათვის.

ჩაინიშნეთ ზოგადი მოტივაციისა და ენერგიული დღის რეცეპტი:

  • ლაიმი 4 წვეთი
  • პიტნა 3 წვეთი
  • ლიმონი 2 წვეთი

დილიდან შეიყნოსეთ ეს კოქტეილი, ან დილის შხაპის შემდეგ თმის ბოლოემზე წაისვით სულ ერთი წვეთი. ციტრუსების მზე გაგათბოთ და მოგცემთ ქმედებებისთვის საჭირო ძალას, ხოლო პიტნის სიგრილე გააქრობს უსიამოვნო, ზედმეტ ფიქრებსა და მოვლენებს.

#TamAroma

გააზიარეთ

Share on facebook